საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, შესაბამის განკარგულებას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ომის ვეტერანები თბილისში, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან აღნიშნავდნენ, თუმცა წელს, ვაკის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.