მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 3 მილიონს გადააჭარბა

პუბლიკა

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობა 3 მილიონს ასცდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 3 140 000-მდეა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. შემდეგ ესპანეთი მოდის – ინფიცირების 232 000-ზე მეტი შემთხვევით. მესამე ადგილზე კი იტალიაა, სადაც 201 500 შემთხვევაა აღრიცხული.

პირველ სამეულს საფრანგეთი (166 000-მდე), დიდი ბრიტანეთი (161 000) და გერმანია (160 000-მდე) მოსდევს. 100 000-იან მაჩვენებელს ასცდა თურქეთიც, სადაც ინფიცირების 114 650-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირეს. რუსეთში 93 560-მდე შემთხვევაა აღრიცხული, ირანში კი – 92 580-ზე მეტი.

ჩინეთმა, სადაც პირველად აღინიშნა და დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, ბოლო მონაცემებით, უკვე მე-10 ადგილას ჩამოინაცვლა. იქ შემთხვევები მინიმალური რაოდენობით იმატებს და ამ დროისთვის 82 860-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება საქართველოს, დღეს 6 ახალი შემთხვევა დაემატა და კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 517-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 168, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.