მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია, სიაში საქართველო 91-ე ადგილზეა

პუბლიკა

20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა.

ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ბედნიერების ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც გაეროს მხარდაჭერით და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით მზადდება.

ამ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია (ასე იყო წინა წლებშიც) მეორე ადგილს სიაში დანია იკავებს, მესამე ადგილზეა ისლანდია, მეოთხეზე – შვედეთი, რის შემდეგაც მოდის ისრაელი.

ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში 91-ე ადგილზეა საქართველო. საქართველოზე უფრო ბედნიერი სომხეთია, რომელიც 82 ადგილზეა, აზერბაიჯანი –101 ადგილზე, რუსეთი – 72-ზე.

ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში სიის ბოლო, 143-ე ადგილს ავღანეთი იკავებს.

ანგარიში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, Gallup-ის მიერ მზადდება, მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების საფუძველზე.

ბედნიერების ხარისხი რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება, მათ შორის ცხოვრების საშუალო დონით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, სოციალური მხარდაჭერით, შემოსავლების დონით, ჯანმრთელობითა და ქვეყანაში კორუფციის მასშტაბით.