მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ მედიასთან გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, ზოგადად, შემთხვევების მატება პრონოზირებადი იყო და მოულოდნელობა არ არის.
„ეს პანიკისა და შეშფოთების საფუძველი არ არის, თუმცა გვმართებს სიფრთხილე. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ სვლით პრობლემა ჯანდაცვის სისტემაში არ შეგვექმნება.
ერთი ასეთი დინამიკა შეიმჩნევა, რომ შედარებით იმატებს მსუბუქ შემთხვევათა რაოდენობა, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში და ახალი შემთხვევებიც კლინიკურად დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეორე ტალღას, მსოფლიოში პროგნოზირებენ, რომ, როგორც ყველა რესპირაციული ვირუსი, შეიძლება გააქტიურდეს შემოდგომის პერიოდში, აციების პერიოდში. ჩვენთან რესპირაციული ვირუსები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან აქტიურდება, თუმცა მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმ აზრს, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ხვალ გამოქვეყნდება NCDC-ის ანგარიში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საუბარი იქნება მსუბუქი შემთხვევების რაოდენობის ზრდაზე.
მისივე თქმით, დამტკიცდება მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც ტესტირების კიდე უფრო გაფართოებას შეეხება.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ, საშუალოდ, თებერვალში დღეში 23 ტესტირება ტარდებოდა. მარტში – 73, აპრილში 473-მდე ავიდა ჩატარებული ტესტების რაოდენობა. მაისსა და ივნისში კი 1500-ის ფარგლებში იყო დღის განმავლობაში წარმოებული ტესტების რაოდენობა.
„დღეიდან ეს პროცესი უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპზევე რომ გამოვლინდეს ინფიცირების შემთხვევები.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.