ტელეკომპანია „მთავარი არხის” წილების მფლობელობაში ცვლილებაა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით არხს ორი ახალი მეწილე ჰყავს. „მთავარი არხის” 37%-ს ახალი მეწილე ბაკურ ჯახაია ფლობს. ასევე, მეწილეებს შორის ახალი სახელი და გვარია – თეიმურაზ ვასილიძე, რომელიც 1%-ის მფლობელი გახდა.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის ცვლილებებამდე არხის 51%-იან წილს ფლობდა, ცვლილებების შემდეგ კი მას 14% აქვს.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეის მდგომარეობით წილები ასე ნაწილდება: კახაბერ ანჯაფარიძე – 38%, ნიკა გვარამია – 14%, მარი ანა რურუა (აშშ) 2.5%, თეიმურაზ ვასილიძე (აშშ) 1%, ბაკურ ჯახაია (უკრაინა) – 37%, ნიკოლოზ სისაური – 3%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%;მთ
ცვლილებებამდე კი, ანუ 19 დეკემბრის ამონაწერის მიხედვით, წილები ასე ნაწილდებოდა: კახაბერ ანჯაფარიძე – 39%, ნიკა გვარამია – 51%, მარი ანა რურუა (აშშ) – 2.5%, ნიკოლოზ სისაური – 3%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%.
22 მაისი ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნიკა გვარამიამ თავისი კუთვნილი 37% გაასხვისა ბაკურ ჯახაიაზე 37 000 ლარად. ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ წილის მიმღებმა დამატებით უკვე განახორციელა შენატანი საზოგადოების კაპიტალში.
რაც შეეხება თეიმურაზ ვასილიძეს, მან არხის 1% 1000 ლარად იყიდა კახაბერ ანჯაფარიძისგან. ასევე, განახორციელა 100 000 აშშ დოლარის შენატანი საწესდებო კაპიტალში.
გარდა ამ ცვლილებებისა, როგორც სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდიდან ირკვევა, ცვლილებები არხის წილის მმართველობაში კიდევ იგეგმება და კონკრეტულ განაცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოება ამ ეტაპზე შეჩერებულია.