მთავარეპისკოპოსი ზენონი: მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი შეცდომაა

პუბლიკა

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივას „შეცდომას” უწოდებს.

მისი თქმით, ეს განაცხადი „საქართველოსა და მისი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტს შეიძლება წარმოადგენდეს”.

„საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი.

ის, რომ საქართველოში ეკლესია არ წარმოადგენს სახელმწიფო-სახელისუფლებო დაქვემდებარების ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სტრუქტურას, ინსტიტუციას, ეს განპირობებულია პირველ რიგში ეკლესიის ბუნებიდან. ამასთანავე, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს, ქვეყნის პოლიტიკური და სხვა გარემოებით შექმნილი კრიზისის დროს იქ, სადაც სახელმწიფოსთვის ან ხელისუფლებისთვის შესაძლოა კარი დაიხუროს. ამიტომ, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი არის შეცდომა.

თუ გამიზნული განაცხადია, სხვა არაფერს მიეახლება გონება, თუ არა ეკლესიის ინსტიტუციური განადგურებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობიდან გადახვევის ვერაგულ და ამავდროულად მდარე ჩანაფიქრს, რაც მხოლოდ საქართველოსა და მისი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურების პროექტს შეიძლება წარმოადგენდეს. ან კიდევ სამომავლო დიქტატურისა თუ ავტორიტარიზმის მომასწავებელ უბედურებას”, – წერს მთავარეპისკოპოსი ზენონი სოციალურ ქსელში.

27 აგვისტოს „ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება” საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გადის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.

საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მთავრობის წევრები მართლაც იმყოფებოდნენ საპატრიარქოში შეხვედრაზე, სადაც ისინი უშუალოდ მეუფე შიოს შეხვდნენ.

განხილვის მთავარი კი იყო „ოცნების” შეთავაზება, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.

„ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება. აქ ჩვენ შინაარსზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებების და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს ატარებს, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ ეს შემოთავაზებაც სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ ხელისუფლებას სურვილი აქვს, ეკლესიის როლი და სტატუსი კიდევ უფრო გამყარებული იყოს.

რაც შეეხება ფორმულირებას – სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ეს ყველაზე უფრო მთავარი, პრინციპული არ არის და საკითხი ასე მკაცრად არ დგას. მთავარი თემა არის რაიმე ფორმულირება მოიძებნოს, რაც აღნიშნულს ხელს შეუწყობს.

საპატრიარქო ახლა მსჯელობს ამ თემაზე. ორშაბათს იყო შეხვედრა მღვდელმთავრების, ყველა მღვდელმთავარმა ვერ მოახერხა მოსვლა, რადგან სპონტანურად დაიგეგმა შეხვედრა, ამიტომ ნაწილი მღვდელმთავრებისა შეიკრიბება ხვალ და ფორმულირებაზე იმსჯელებენ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.


მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესაძლოა იყოს ის, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ 20 აგვისტოს განცხადებაში მიუთითა.

„არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ”, – წერია მმართველი პარტიის 20 აგვისტოს განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფოსა და  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც 2002 წელს გაფორმდა და რომლის თანახმადაც, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით“.