„მთავარი არხი“ ეხმაურება „რუსთავის 2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ არასოდეს განუხორციელებიათ არცერთი უკანონო ტრანზაქცია. ტელევიზიის განცხადებით, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის „გამოგონილი ბრალდებების“ მიზანია კრიტიკულ მედიას ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები და შედეგად არჩევნებამდე მაუწყებლობა შეწყვიტონ.
იხილეთ განცხადება:
„ვეხმაურებით ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს, “მთავარ არხზე” ადგილი ჰქონდეს თანხების უკანონო ბრუნვას. პირველ რიგში, ვაცხადებთ, რომ “მთავარ არხს” არასოდეს განუხორციელებია არცერთი უკანონო ტრანზაქცია. სამწუხაროდ, არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის გამოგონილი ბრალდებები ემსახურება ერთადერთ მიზანს – ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები ქვეყნის ყველაზე გავლენიან კრიტიკულ არხს და, შედეგად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეწყდეს მისი მაუწყებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების” რუსული რეჟიმის ინტერესებს ემსახურება. გოგი ქურდაძის წერილში გაჟღერებული ცრუ ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ არც კი იმსახურებს არხის და ჩვენი მაყურებლის დამატებით ყურადღებას. ამდენწლიანი ბრძოლის შემდეგ “ქართული ოცნება” “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენლის ხელითაც ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ გაგვაჩერებს. ჩვენი გუნდი მტკიცედ და შეუპოვრად გააგრძელებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვებს საბოლოო გამარჯვებას“.
15 ოქტომბერს „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოიპოვეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დირექტორის, გიორგი ქურდაძის წერილები. ტელევიზიის მტკიცებით, ქურდაძე აღწერს სქემას, რომლითაც „მთავარში“ ფული სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს. რ2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქურდაძემ წერილობითი კომუნიკაცია ბანკებთან 13 სექტემბრიდან დაიწყო – „უკანონო ფულის ბრუნვის“ შეჩერების მიზნით, მათ კი 7, 10 და 11 ოქტომბერს გაგზავნილი წერილები მოიპოვეს. ქურდაძე ამტკიცებს, რომ კომპანიების დირექტორებმა – ნიკა გვარამიამ, თეა გვარამიამ, გიორგი გაბუნიამ და მანუჩარ ახალაიამ იცოდნენ ნაღდი ფულის ბრუნვის შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრემიერმა თქვა, რომ შესაბამისი უწყებები ალბათ შეისწავლიან ამ საქმეს.
მოგვიანებით „მთავარმა არხმა“ გაავრცელა შპს „ნიუ სეილსის“ განცხადება, რომლის დირექტორი, თეა გვარამია და თავად კომპანია, რ2-ის მიხედვით, ერთ-ერთია, ვისაც გოგი ქურდაძე ბრალდებებს უყენებს. კომპანია ამბობს, რომ 13 სექტემბერს ქურდაძეს ვრცელი და ამომწურავი პასუხი გასცეს, ასევე მიიწვიეს ოფისში მისთვის საინტერესო დოკუმენტების გასაცნობად.
„მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შპს ,,ნიუ სეილსი“ მზადაა, საკითხის იურიდიულ ჭრილში გადასაწყვეტად, კანონით განსაზღვრულ ნებისმიერ ფორმატში წარვადგინოთ დოკუმენტალურად დასაბუთებული არგუმენტაცია გოგი ქურდაძის არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი თავდასხმების სამხილებლად“, – ამბობს კომპანია.