„მთავარი არხი": მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ჩვენი კოლეგა, გამოიძიოს ეს საქმე

პუბლიკა

„მთავარი არხი” პოლიციის მხრიდან მათ ოპერატოტრზე ძალადობის, ასევე, მისი დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„დღეს საპროტესტო აქციის გაშუქებისას „მთავარი არხის” ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა და შემდეგ მისი უკანონო დაკავება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

შევახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჩვენი კოლეგა, გამოიძიოს ეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე პოლიციელი.

„მთავარი არხის“ გუნდი სოლიდარობას უცხადებს სერგი ბარამიძეს და აქციის დარბევისას დაზარალებულ თუ დაკავებულ სხვა მოქალაქეებს”.

საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.

დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს.

ასევე, გადაღების დროს ხელი შეუშალეს და ფიზიკურად იძალადეს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეზე. მას რამდენიმე პოლიციელი დაუპირისპირდა, დაუმტვრიეს კამერა.

„მთავარი არხის” ინფორმაციით, ამის შემდეგ სერგი ბარამიძე დააკავეს. ის შსს-ის განყოფილებაშია გადაყვანილი.