„მთავარი არხის” ინფორმაციით, სოფელ სუფსაში მათ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ. ტელევიზიაში აღნიშნავენ, რომ დაზარალებულები ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
“ოცნების” ტიტუშკები სოფელ სუფსაში “მთავარი არხის” გურიის ბიუროს ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად ლანჩხუთის სოფელ სუფსაში გადაღებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ტიტუშკებმა ჩვენს გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – ლადო მენაბდე ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება”, – ნათქვამია „მთავარი არხის” განცხადებაში.
ტელევიზია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მომხდარი, ასევე, პასუხისგებაში მისცენ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.
„ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. მოვუწოდებთ ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე”, – აღნიშნავენ „მთავარ არხში”.
როგორც „პუბლიკას” სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის მუხლით.
ცნობისთვის, „მთავარი არხის” ჟურნალისტი ლადო მენაბდე, 26 მაისს ოზურგეთში, სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტოს დადების გამო, გამოკითხვაზე მეორე დღე დაიბარეს. მისი ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც.