„მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და წუხელ ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში მომხდარი გაიხსენა.
„აივანზე ვიყავით, ისინი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს. შემდგომ უკვე როდესაც მე და ბექა ყორშია „სტენდაფს“ ვწერდით, ისევ გამოცვივდა 4-5 ადამიანი, ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან. ვარიდებდი თავს, როგორც ხდება. უკან-უკან მივდიოდი, მინდოდა, დისტანცია მქონოდა აგრესორ ადამიანებთან, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის, რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, – განუცხადა აბლოთიამ მედიას.
ლევან აბლოთია „ნიუ ჰოსპიტალსში“ მრავლობითი დაზიანებით წუხელ, 15 სექტემბერს შეიყვანეს. ექიმის თქმით, აღენიშნებოდა ექსკორიაციები და ტკივილი. ჩაუტარდა სხვადასხვა გამოკვლევა. აბლოთიას თქმით, აკრძალული აქვს მოძრაობა, სანამ დაზიანებები არ მოურჩება.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპერატორი ლევან აბლოთია ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რა დროსაც ის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
საპირისპიროს ამბობენ „ქართული ოცნების“ წევრები. მათი თქმით, აბლოთია უკუსვლით მიდიოდა, რა დროსაც მოაჯირს დაეჯახა და გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქარელში, „ოცნების“ ოფისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.