„მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ განიხილა „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის ადმინისტრაციული საქმე და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

ოპერატორს შსს ედავებოდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილის დარღვევას.

სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სერგი ბარამიძე იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, ხელს უშლიდა პოლიციელებს პირის კანონიერ დაკავებაში და არაერთი მოწოდების მიუხედავად არ შეწყვიტა აღნიშნული ქმედებები.

სერგი ბარამიძე ოქმს არ ეთანხმებოდა.

„არანაირი ფაქტი არ ყოფილა, რომ ვიგინებოდი. ვმუშაობდი, ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. პოლიციელები ნადირებივით გამოექანენ, ისინი იგინებოდნენ უმისამართოდ. ნადირებივით მომცვივდნენ, ერთი სპეცრაზმელი პირდაპირ მუშტით წამოვიდა ჩემკენ“, – თქვა სერგი ბარამიძემ ოქმის შინაარსთან დაკავშირებით.

შსს-მ პატრულის თანამშრომლების, გიორგი ჩალათაშვილის და ბესიკ ჭინჭარაულის გამოკითხვა იშუამდგომლა. უწყების წარმომადგენლების თქმით, ისინი არიან თვითმხილველები, რომლებიც ბარამიძის დაკავებაში მონაწილეობდნენ. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, პოლიციელებს კამერები არ ეკეთათ. საქმეში მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებები და ოქმები იყო წარმოდგენილი.

ამ შუამდგომლობის შესახებ სერგი ბარამიძემ თქვა:

„ვინც გადამიყვანა პოლიციაში, ეგენი არც ერთი არ იყვნენ ჩემი დამკავებლები. უბრალოდ გვერდით მომისხდნენ, ერთი მძღოლი იყო და მეორე გვერდით მომიჯდა. მითხრეს, მე დაგაკავეთო, მაგრამ ეგენი მე იქ არ მინახავს, ვიდეოშიც არ ჩანან“, – თქვა სერგი ბარამიძემ.

სერგი ბარამიძის ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ საქმეზე დასართავად წარადგინა ვიდეომტკიცებულებები, რომელშიც ჩანს სერგი ბარამიძის ძალადობრივად დაკავება, რის შედეგადაც მიღებული დაზიანებებით ოპერატორი საავადმყოფოში მოხვდა.

ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებისას ბარამიძეს სცემეს და არაადამიანურად მოეპყრნენ. ადვოკატმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სერგი ბარამიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და თან ჰქონდა დიდი კამერა.

„იმის გამო სცემეს, რომ თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა […] მიცვივდნენ პოლიციელები, სახის არეში ურტყამდნენ, თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, ნეკნი ჰქონდა მოტეხილი. სხვას უშლიდა ხელსო, ეს დაკავების ოქმში არ ეწერა, სამართალდარღვევის ოქმში ჩაწერეს. დიდი კამერა და ჩართვის აპარატი ჰქონდა თან, სხვას ხელს როგორ შეუშლიდა.

არც ერთი უწმაწური სიტყვა სერგი ბარამიძეს არ უთქვამს საერთოდ. ცემის მომენტშიც ხმა არ ამოუღია, როცა ძნელია, თავი შეიკავო. შეადგინეს ოქმი, რომლითაც ცდილობენ, გაამართლონ უკანონო დაკავება. რეალური დანაშაული სერგი ბარამიძის მიმართაა ჩადენილი. ვითხოვთ, მიიღოთ გამამართლებელი გადაწყვეტილება და შეწყვიტოთ ეს საქმე, ჩვენს მხარეს არის მოწმეები და ვიდეომტკიცებულებები, მეორე მხარეს კი მხოლოდ პოლიციელის ჩვენება“, – თქვა ადვოკატმა.

მან ასევე წარადგინა „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომელშიც, ადვოკატის თქმით, მდინარაძე ამბობს, რომ სერგი ბარამიძის დაკავება შეცდომა იყო და შსს-მ ის ბოდიშით გაათავისუფლა. ადვოკატმა მდინარაძის გამოკითხვაც მოითხოვა.

მოსამართლემ ადვოკატის წარდგენილ ვიდეოს მხარეებთან ერთად უყურა. შსს-ს წარმომადგენელი ვიდეოზე ამბობდა, რომ ამ ვიდეოში მხოლოდ ის ჩანს, რომ სერგი ბარამიძე პოლიციას წინააღმდეგობას უწევს.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ იმსჯელა მტკიცებულებების დართვაზე და გადაწვიტა, რომ დაკავების ვიდეოჩანაწერი და ჯანმრთელობის შესახებ ცნობა საქმეს დაერთოს, მამუკა მდინარაძის გამოკითხვის შუამდგომლობა კი არ დააკმაყოფილა.

„პოლიტიკოსის განცხადება, როცა ის არ შესწრებია ფაქტს, ვერ გახდება სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების საფუძველი“, – თქვა მოსამართლემ.

მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა სამხრე კამერების ჩანაწერის წარმოდგენაზე ადვოკატის შუამდგომლობა. მანუჩარ ცაცუამ განმარტა, რომ სამხრე კამერის ჩანაწერი არ არსებობს, შესაბამისად სასამართლოს არ აქვს საფუძველი, ეს მხარეს დაავალოს.

რაც შეეხება სერგი ბარამიძის და ადვოკატის განცხადებებს ძალადობასთან დაკავშირებით, მოსამართლემ თქვა:

„ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი და რეაგირებას მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან. თუ იყო ძალადობა, ამის კვლევაში ჩვენ ვერ შევდივართ. თქვენ მიმართული გაქვთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. ჩვენ ვარკვევთ, გინება იყო თუ არა და თქვენ საქმიანობას ახორციელებთ… ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებს ოპერატორი, მე ვახორციელებ ჩემს საქმიანობას. თუ ოპერატორი ხელს შემიშლის, უფლება მაქვს, მოვუწოდო ოპერატორს, ხელი არ შემიშალოს. თქვენ თვლით, რომ რამეს შეუშალეთ ხელი?“ – ჰკითხა ოპერატორს მოსამართლემ.

„არანაირად”.

,,განსაკუთრებულად იმ დღეს, მანამდე ასეთი არასდროს არ მინახავს, გამოირჩეოდნენ აგრესიით. გინებით მოდიოდნენ პირდაპირ. ხალხთან ახლოსაც არ იყვნენ. დაკავებებს ვიღებდი, მერე დამარტყეს. კამერის დაცვას ვცდილობდი“, – სცადა სერგი ბარამიძემ მისი დაკავების გარემოება აეხსნა შსს-ს წარმომადგენლისთვის, რომელიც დაინტერესდა, თუ სერგი ბარამიძე არავის ხელს არ უშლიდა, ამდენ ოპერატორს შორის მხოლოდ ის რატომ დააკავეს.

რა თქვეს მოწმეებმა

მოწმე პოლიციელი გიორგი ჩალათაშვილი:

მოწმემ განაცხადა, რომ აქციაზე მოქალაქეები გზის სავალ ნაწილს არ ათავისუფლებდნენ. სერგი ბარამიძე კი პოლიციას ხელს უშლიდა ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებაში და მათ მოწოდებას არ ემორჩილებოდა. მოწმე ადასტურებს, რომ სერგი ბარამიძეს ხელში კამერა ეჭირა, თუმცა არ იცის „ჟურნალისტი იყო თუ რა იყო“.

„იქ იდგა და მოქალაქის გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. მოქალაქის გამოყვანაში გვიშლიდა ხელს“, – თქვა პოლიციელმა, რომელიც ამბობს, რომ დაკავების ოქმი მან შეადგინა.

„მსგავსი რამე არ ყოფილა, არავის მოუწოდებია ჩემთვის, რომ გვერდზე გადაიწიეთო. 2-3 კაცის დაკავება გადავიღე და მერე გადმოვიწიე ამ ადამიანის დაკავების გადასაღებად. არანაირი მოწოდება არ ყოფილა ჩემ მიმართ, რომ ან ხელს ვუშლიდი ან გზა გამეთავისუფლებინა“, – თქვა სერგი ბარამიძემ.

ადვოკატი გიორგი ტაბატაძე დაინტერესდა, თუ სერგი ბარამიძე პოლიციას ხელს უშლიდა პირის დაკავებაში, რატომ არ ჩაწერეს ეს დაკავების ოქმში და რატომ ეწერა, რომ ის იგინებოდა.

მოწმემ თქვა, რომ როცა სერგი ბარამიძის დაკავება დაიწყეს და ის არ დაემორჩილა, ამის შემდეგ დაიწყო გინება. აღსანიშნავია, რომ ბარამიძის დაკავების კადრებში მისი გინება არ ისმის.

გიორგი ჩალათაშვილი ამბობს, რომ მან მოჰკიდა ხელი სერგი ბარამიძეს და ჩასვა მანქანაში, თუმცა მისთვის არ დაურტყამს და არც სხვისი დარტყმა დაუნახავს.

მოწმე პოლიციელი ბესიკ ჭინჭარაული

პოლიციელმა გაიხსენა, რომ იმ დილას აქციის მონაწილეები გზას ხელოვნურად კეტავდნენ, რასაც მოჰყვა აქციის მონაწილეების დაკავება. ამ დროს დააკავეს სერგი ბარამიძეც.

პოლიციელი ამტკიცებს, რომ გზიდან გადასვლისკენ ყველას მოუწოდეს, მაგრამ გზიდან არც სხვები და არც სერგი ბარამიძე არ გადავიდა.

ის ადასტურებს, რომ ოპერატორს ხელში კამერა ეჭირა.

მოსამართლე დაინტერესდა, როდესაც ადამიანის დაკავებისას წინ კამერიანი ოპერატორი გადაუდგება, როგორ მოქმედებს, რაზეც პოლიციელი ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობს, სხვა მიმართულებით წავიდეს.

რაში გამოიხატა „მთავარის“ ოპერატორის მხრიდან ხელშეშლა, ამაზე პოლიციელი ამბობს, რომ „ახლოს იყო ძალიან და პიროვნების დაკავებაში უშლიდა ხელს.“

„როდესაც პიროვნება კავდება ახლოს და პოლიციელები აკავებენ, მაინც და მაინც ერთ მეტრში უნდა იყოს? პატივცემულს მოვუწოდებდით, გადასულიყო გზიდან და არ გადადიოდა. ხმამაღლა მოლაპარაკეთიც მოვუწოდეთ და არაერთხელ“, – თქვა მან.

მისი მტკიცებით, სერგი ბარამიძე იგინებოდა. რა მომენტში არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ იგინებოდა.

პირველი მოწმის ჩვენებით, ეს პოლიციელი სერგი ბარამიძის დაკავების დროს მანქანის მოსაყვანად იყო წასული, შესაბამისად ის ვერ გაიგებდა დაკავების შემდეგ ბარამიძის გინებას. ჭინჭარაულის ჩვენების მიხედვით, ბარამიძე დაკავებამდე იგინებოდა.

„კონკრეტულად ვის აგინებდა, არ ვიცი, რომ შეიგინა, ეს ვიცი. მანქანაშიც განვუმარტე, რატომ შეიგინე-მეთქი. ხმა არ გაუღია საერთოდ ამაზე“, – თქვა პოლიციელმა.

სერგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ მისთვის არავის მოუწოდებია, გზიდან გადასულიყო, მანქანაში გინებაზე საუბარი კი არ ახსოვს.

ოპერატორი აღნიშნავს, რომ მანქანაში პოლიციელებთან კარგი კომუნიკაცია ჰქონდა და ისინი მის დახმარებასაც ცდილობდნენ.

სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა სერგი ბარამიძის თანმხლებმა ჟურნალისტმა ნინუცა კეკელიამაც.

ნინუცა კეკელიამ აღნიშნა, რომ ის იმ დღეს პოლიციამ თავის ოპერატორს დააშორა, შემდეგ კი ერთ-ერთმა პოლიციელმა მას უთხრა, „შენი ოპერატორი ვერაფერს გადაიღებს, ასფალტზე გდიაო“.

კეკელიამ აღნიშნა, რომ ჟურნალისტები აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ არსებული პრაქტიკით, კადრებს იღებდნენ ახლოდან ან შორიდან, თუმცა პოლიციას ხელს არ უშლიდნენ.

ის იხსენებს, რომ შორიდან, სადაც პოლიციამ გაიყვანა, მხოლოდ პოლიციელებით გარშემორტყმული ოპერატორის დანახვა შეძლო.

პაექრობის ეტაპზე ადვოკატმა აღნიშნა, რომ ორმა პოლიციელმა განზრახ ცრუ ჩვენება მისცა, რადგან ბარამიძის გინებაზე მათი ჩვენებები ერთმანეთთანაც და ვიდეომასალებთანაც წინააღმდეგობაში იყო.

„არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ სამართალდარღვევის, ერთადერთი ოქმია და იგივე პოლიციელის ჩვენება.

სახეზე გვაქვს შემდეგი – არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან ჩაიდინა სამართალდარღვევა. პატიოსანი მოქალაქე, რომელიც ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, შეწყდეს საქმის წარმოება.

იმხელა კამერა და ჩართვის აპარატი ეჭირა, თან სახეში ურტყამდნენ და თან წინააღმდეგობას გვიწევდაო, სირცხვილია უბრალოდ“, – თქვა ადვოკატმა.

მოსამართლემ სერგი ბარამიძეს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. მან ოპერატორი სამართალდამრღვევად ცნო პოლიციისთვის ხელშეშლაში, თუმცა სამართალწარმოება შეწყვიტა წვრილმანი ხულიგნობის [გინების] ნაწილში, მოსამართლის სიტყვებით, შემთხვევის არარსებობის გამო.

„თქვენს ჩანაწერში, ბატონო გიორგი, კარგად ჩანს იქ, სადაც გაჰყავთ დაკავებული, იყო მცდელობა ხელშეშლის. თუმცა სასამართლო თვლის, რომ ეს იყო მცირემნიშვნელობის სამართალდარღვევა“, – მიმართა მოსამართლემ ადვოკატს.