„მთავარი არხის“ ოპერატორი: თვალი მაქვს ჩალურჯებული, დანარჩენი ფიზიკურად არ მეტყობა, მაგრამ მირტყეს

პუბლიკა

აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძე თავისუფალია. ის ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში იმყოფებოდა.

გათავისუფლების შემდეგ „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბარამიძე ჰყვება, რომ მაშინ დააკავეს, როცა აქციის მონაწილეების დაკავებებს იღებდა, დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებაც – თვალი აქვს ჩალურჯებული.

„მითხრეს, რომ თქვენ არღვევდით წესსო, სავალ ნაწილზე იყავით გადმოსულიო.  ოპერატორს რამდენად მომეთხოვება მე არ ვიცი აქტივისტი ხომ არა ვარ, მე ვარ ოპერატორი ვიღებდი ამბებს, რატომ გადაწყვიტეს ჩემი დაკავება წარმოუდგენელია…

თვალი მაქვს ჩალურჯებული, დანარჩენი ფიზიკურად არ მეტყობა, მაგრამ კარგად მირტყეს..

განყოფილებაში გადამიყვანეს, შეამოწმეს ჩემი ნივთები კანმერა აღარ აღმომაჩნდა, მანქანაში ყველა სხვა ნივთი შემომიტანეს, კურტკაც გამხადეს რომ მაკავებდნენ, ისე მოხდა რომ კამერა აღარ აღმომაჩნდა ჩემთან ერთად…“

როგორც სერგი ბარამიძე ამბობს, პოლიციის გამყოფილებაში გადაყვენის შემდეგ მასზე ფიზიკურად აღარ უძალადიათ, ხელწერილი დააწერინეს, რომ როცა დაიბარებენ უნდა გამოცხადდეს.

საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებზე ფიზიკურად იძალადა.

დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს.