“მთავარი არხის” სანქცირების ტენდენცია ცენზურის ნიშნებს ატარებს -კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

პუბლიკა

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის “მთავარი არხის” და მისი წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს.

„სანქცირების ტენდენცია კი გვაფიქრებინებს, რომ კომუნიკაციების კომისია მაუწყებლის შეჩერებას და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად”. – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 2021 წლის 25 ნოემბერს, კომუნიკაციების კომისიამ  “მთავარი არხი” მაქსიმალური სანქციით შემოსავლის 1%-ით, 111,903.43 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის ოფიციალური განცხადებით,  მაღალი სანქცია მაუწყებლის მიმართ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების წესის არაერთხელ დარღვევის გამო გამოიყენა.

„რამდენიმე საგანგაშო წინაპირობის ფონზე, მიღებული გადაწყვეტილება აღრმავებს ეჭვებს “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ:

“მთავარი არხი” 2020 წელს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად სანქცირებადი არხი იყო.

2020 და 2021 წლებში კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე მაღალი სანქცია სწორედ “მთავარი არხის” მიმართ გამოიყენა;

“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წამოწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე სახალხო დამცველის შეფასებით, ბრალდების შინაარსი სადავოა.

“მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკა ასევე ხშირად არის გაკრიტიკებული კომუნიკაციების კომისიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მედიააკადემიის მიერ.

“მთავარი არხის” მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ კრიტიკულ და დისკრიმინაციულ განცხადებებს. მათ შორის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მაუწყებლის ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას “მთავარი არხის” გუნდს და დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზე მზადყოფნას აცხადებს ჩაერთოს “მთავარი არხის” უფლებების დაცვის პროცესში.