„მთავარი არხის“ სიუჟეტზე სუს-ის მიმდინარე გამოძიება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხეს ქმნის - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტზე საბოტაჟის საფუძვლით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მედიის მხრიდან პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას, საკითხის სისხლის სამართლის ჭრილში გადატანა ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, უხეში ჩარევაა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ქმნის თვითცენზურის საფრთხეს.

„მედიის მიერ პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევისას ყველა პირს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმები და მიმართოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას ან ტელევიზიაში შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს. ამის ნაცვლად, გამოძიების დაწყება და საქმის სისხლის სამართლით დასჯად ქმედებათა ჭრილში გადატანა სახიფათო პრეცედენტს ქმნის და „მსუსხავი ეფექტის“ საფრთხეს აჩენს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიუჟეტი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ სტატისტიკის გაყალბებასა და შესაძლო სამოხელეო დანაშაულს ეხებოდა. ამ ფონზე, სიუჟეტში მოყვანილ შესაძლო დანაშაულებზე რეაგირების ნაცვლად, საბოტაჟის მუხლით გამოძიების წარმართვა არალოგიკურად გამოიყურება“, – წერს TI.

„გამჭვირვალობის“ განცხადებით, ეს გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიების მიზანი არა ფაქტების დადგენა, არამედ მედიის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენაა. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიაზროს დემოკრატიულ საზოგადოებაში ჟურნალისტის როლი და უზრუნველყოს  მედიის შეუფერხებელი საქმიანობა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ ცნობილი 265 ივნისს გახდა.

სიუჟეტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებს ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის მითითების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ და შედეგად, კორონავირუსით დაავადებულთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდას ცდილობდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით კი, საქმის გამოძიებით დადგინდა, რომ „შაბათის მთავარში“ გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს.

სუს-ის მტკიცებით, რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ არასწორი თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ.

სიუჟეტზე გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო და ჩვენების მისაცემად სიუჟეტის რესპონდენტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები დაიბარეს.

2 ივლისს კი სუს-ში განაცხადეს, რომ სიუჟეტთან დაკავშირებულ დაუმონტაჟებელ ვიდეო მასალას გამოითხოვენ.