„მთავარი არხის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ 1 მაისიდან ტელეარხის მაუწყებლობა სრულად შეწყდება.
ეს გადაწყვეტილება მათ „მთავარი არხის“ დირექტორის, გიორგი გაბუნიას სახელით არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა შეატყობინა.
„დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი, „მთავარი არხის“ იმერეთის კორესპონდენტობა. ეს თითქმის 6 წელი იყო რთული, საპასუხისმგებლო, ემოციური, პრობლემებით სავსე, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. დღეს უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ ახალი ტვ ვერ იხსნება, მთავარი არხის“ საეთერო მაუწყებლობა კი 1 მაისიდან სრულად შეწყდება. მიხარია, რომ ვიყავი ამ გუნდის წევრი და გული მწყდება, რომ ასე დასრულდა“, – დაწერა ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ „ფეისბუქზე”.
„მთავარი არხი“ ჯერ შიდა საცდელ მაუწყებლობაზე იყო, როცა „მთავარის“ მიკროფონით ნინო სამყურაშვილი და მე პირველ გადაღებაზე გავედით. უჩვეულო შეგრძნება იყო. „რუსთავი 2-დან“ წამოსვლის შემდეგ თავიდან უნდა დაგვემტკიცებინა ყველაფერი.
ახლა, 6 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ ყველაზე მაგარი არხი შევქმენით! ჩვენ, თითოეულმა თანამშრომელმა,რომელმაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ „მთავარისთვის“.
დღეს ბოლო იმედიც ჩაქრა.
ჩემი და „მთავარი არხის“ თანაცხოვრება დასრულებულია და გული ძალიან მწყდება, რომ ამ ყველაფერს ამ ფორმით იგებს ყველა“, – დაწერა ჟურნალისტმა თათია წოწონავამ.
თავად ტელეკომპანიას ამ დროისთვის განცხადება არ გაუვრცელებია.
არხის დამფუძნებელმა და ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის შექმნა არ გამორიცხა.
„დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი.
სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი.
მთავარია, ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს“, – დაწერა მან.
„მთავარმა არხმა” 15 თებერვალს განაცხადა, „არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული”.
მაშინ ნიკა გვარამიამ თქვა, რომ „მთავარ არხს” ფული აქვს – მის ხარჯვას აჩერებს ზაზა ოქუაშვილი.
11 დეკემბერს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, არხი დახუროს. მისი თქმით, ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და „მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით“.
გაბუნიას თქმით, გოგი ქურდაძე ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე.
ამ განცხადებას უპასუხა ზაზა ოქუაშვილმა და თქვა, რომ მისი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, „რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“.
ოქუაშვილი ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ არხი გაძარცვეს და ხელოვნურად მიიყვანეს გაკოტრებამდე.
„მთავარი არხი” 2019 წლის 17 აგვისტოს დაფუძნდა, ეთერში კი იმავე წლის 9 სექტემბერს გავიდა. არხის გუნდის დიდ ნაწილს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებმაც „რუსთავი 2″ დატოვეს.
2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე არცერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.
ამავე დღეს საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. პაატა სალია დღეს „ქართული ოცნების” წევრი და იუსტიციის მინისტრია.