ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე „მთავარი არხის” სიუჟეტს ეხმაურება.
„ა.წ. 20 ივნისის „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომლის ავტორებიც სრული სერიოზულობით ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკის გაზრდის მიზნით (რაც მათ თითქოს არჩევნების გადასადებად სჭირდებათ), მიდიან სხვადასხვა დაავადებით ახლად გარდაცვლილთა ოჯახებში და სთავაზობენ მათ, რომ სერიოზული თანხის (10 ათასი ლარის) სანაცვლოდ თანხმობა განაცხადონ, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად COVID-19 დასახელდეს.
წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიისგან, მათ შორის იმავე „მთავარი არხისგან“ სხვადასხვა დროს უამრავი ტყუილ-მართალი მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ, ამ განცხადებამ ყველა ზღვარს გადააჭარბა”. – ნათქვამის ცერცვაძის განცხადებაში.
„ხომ უნდა მოგივიდეს თავში, რომ COVID-19-ით სიკვდილობის გაზრდის მცდელობა (და ისიც ამ გზით) დააბრალო ხელისუფლებას და ექიმებს?! რომლებიც ყველაფერ შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებენ თითოეული ავადმყოფის გადასარჩენად? – ამბობს ცერცვაძე – და ქვეყანას, რომელსაც მთელ ევროპაში ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ცოტა გარდაცვლილი ჰყავს, თან იმდენად ცოტა, ვინმემ მართლა რომ მოინდომოს ამ გზით გარდაცვლილთა რაოდენობის საშუალო ევროპულ დონემდე გაზრდა, ამისთვის „მთავარი არხის“ ტარიფით – 10 ათასი ლარი ერთ მიცვალებულზე, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დასჭირდება”.
ცერცვაძის თქმით, ვინც ამ სიუჟეტს უყურა, ყველა ნახავდა, თუ რა ტრაგიკომიკურად გამოიყურებოდა მისი ყველა მონაწილე, „ექსპერტების“ ჩათვლით, „რომლებმაც, რა თქმა უნდა, იცოდნენ, თუ რამხელა ტყუილს ამბობდნენ. იმ პოლიტიკოსებისაც არ მესმის, რომლებიც მთელ იმედს იმაზე ამყარებენ, რომ ხელისუფლებას COVID-19-ით სიკვდილობის ხელოვნურად გაზრდაში ამხელენ”.
ცერცვაძის თქმით, მას ესმის, რომ „მთავარი არხი“ ხელმძღვანელობდა პრინციპით – „მიზანი ამართლებს საშუალებებს“, მაგრამ მინდა, შევახსენო მათ, რომ ამ შემთხვევაში „საშუალებების“ შერჩევა მაგრად შეეშალათ, რადგან ასეთი ტყუილის შემდეგ მათ, ალბათ სიმართლესაც კი არავინ დაუჯერებს”.