მთავარი კრიტერიუმი იქნება კანდიდატის ცნობადობა, პოლიტიკური კალიბრი - კანდელაკი

პუბლიკა

ძალიან ახლოს ვართ ამ შეთანხმებასთან [თბილისის საარჩევნო ოლქებში ოპოზიციის მიერ საერთო მაჟორიტარების წარდგენა] და დანარჩენ საქართველოზეც მიმდინარეობს დისკუსია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„ის ოპოზიციური სპექტრი, რომელიც იკრიბება „ლეიბორისტული” პარტიის ოფისში, ეს ერთობა თანხმდება, რომ მაჟორიტარულ ოლქებში დააყენებენ მხოლოდ ერთ კანდიდატს მთელი ოპოზიციური სპექტრის სახელით, პროპორციულ ნაწილში კი ცალ-ცალკე გავლენ”, – განაცხადა კანდელაკმა.

რაც შეეხება „ლელოს”, კანდელაკმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პარტიაც შეუერთდება ოპოზიციის გადაწყვეტილებას საერთო მაჟორიტარებზე.

„პრაგმატული მიზეზებიდან გამომდინარე ასე ჯობია ყველასთვის, მათ შორის „ლელოსთვისაც”, – განაცხადა კანდელაკმა.

რაც შეეხებ კითხვას, თუ რა პრინციპით შეირჩევიან ოპოზიციური პარტიებიდან მაჟორიტარობის კანდიდატები, კანდელაკი აცხადებს, რომ:

„მთავარი კრიტერიუმი იქნება კანდიდატის ცნობადობა, პოლიტიკური კალიბრი, იმიტომ, რომ პოლიტიკური კალიბრიც მნიშვნელოვანია ოლქში გამარჯვების მოსაპოვებლად პირველივე ტურში… კანდიდატების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი ის, რაც ხელს შეუწყობს მის პირველივე ტურში გამარჯვებას. კონკრეტულ ოლქში ამა თუ იმ პარტიის  პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, მხარდაჭერის ხარისხი, წინა არჩევნების შედეგები – ეს ის ფაქტორებია, რაც მნიშვნელოვანია პირველ ტურში არჩევნების მოსაპოვებლად და ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა კანდელაკმა.