„მთავარი მიზეზი იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა. გვარს ვერ ვიტყვი, ასევე, ვერც იმას, სად ცხოვრობს, რადგან, ალბათ, შეექმნება პრობლემები… სანახავად უფრო, დახმარება შეიძლება ნაკლებად ითქვას. ვერ ვიტყვი, ვინ იყო. როცა დამაკავეს რუსებმა, ვუთხარი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა ბრიფინგზე, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.
მისივე თქმით, მან გუშინ საღამოს 7 საათზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სახელზე შეწყალების წერილი დაწერა, თუმცა ბრალი არ უღიარებია.
„შეწყალების თხოვნა კი დავწერე გუშინ საღამოთი, მაგრამ იქ ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა, რაც იყო თავიდანვე. დაკავება მოხდა ისე, როგორც, ალბათ, ყველა შემთხვევაში ხდება, როცა აკავებენ ვინმეს საზღვრის დარღვევაზე… ჩემი პოზიცია პირველივე დღიდან იყო და არ შემიცვლია, რომ მე არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი. მე ყველას ვეუბნებოდი, რომ საქართველოს ტერიტორია არ დამიტოვებია და ვიმყოფებოდი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
„მე მაქვს შეწყალების წერილის ასლი. ვინც შემომთავაზა, ვუთხარი, რომ ბრალდებას არ ვაღიარებ. შეწყალება რომ მიიღო, ბრალდება უნდა აღიარო, ხო? მანვე შემომთავაზა – ისე დაწერეთ, რომ არ აღიარებთ საზღვრის დარღვევას. მე დავწერე წერილი, რომელშიც მივუთითე, რომ მე დამაკავეს ტერიტორიაზე რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ, გამათავისუფლოთ“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო ძალებმა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს და ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენეს. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.