მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აუცილებლად უნდა დაიკითხოს - წერეთელი

პუბლიკა

„TV პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით,  აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე აუცილებლად უნდა დაიკითხოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძეც.

„შოთაძე აუცილებლად უნდა დაკითხონ და გეტყვით რატომ: ეს ინციდენტი როცა მოხდა, იგი მანქანაში ჯდებოდა და შეიძლება იყოს შემსწრე ამ თავდასხმის. მანამდე, მე ადამიანებს რომ ვხვდებოდი, თუნდაც ანრი ოხანაშვილი 2 მეტრში იდგა მასთან და, სავარაუდოდ, მან დაინახა ჩვენი კომუნიკაცია ოხანაშვილთან. ამიტომ აუცილებლად უნდა დაკითხოს ის პროკურატურამ, რადგან ის იყო ორივე ადგილზე, სავარაუდოდ, თვითმხილველი“, – აცხადებს ვატო წერეთელი.

ვატო წერეთელი, რომელიც ამერიკის საელჩოს მიღებაზე მომხდარ ინციდენტზე დღეს პროკურატურაში გამოკითხეს, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების თავდასხმა დაგეგმილი იყო, რათა შეურაცხყოფა მიეყენებინათ აშშ-ისთვის.

„პირველ რიგში მაინტერესებდა, მე, რომ შევიტანე პროკურატურაში [საჩივარი] ამის ნიადაგზე ვიყავი მოსული თუ უბრალოდ, როგორც გავიგე დღეს, ანრი ოხანაშვილსაც შეუტანია პროკურატურაში. თუმცა გავარკვიე, რომ გაუერთიანებიათ ეს საქმე და გაერთიანებული საქმის ამარა ვიყავი მოსული და გამოკითხვაზე ვიყავი. პირველი მე ვიყავი მისული, როგორც ვიცი, ჯერ არც ანრი ოხანაშვილი, არც მგალობლიშვილი, არც ოდიშარია, არც ზარქუა არ დაკითხულან. ჩემთან თანმხლები პირები, ვინც იყვნენ, ჯერ არავინ არ დაკითხულა. რაც ვიცოდი, ყველაფერი ვუპასუხე. ძალიან ნორმალური ახალგაზრდა გამომძიებელი იყო, დანარჩენი ვნახოთ. მთავარია, პროცედურები, რომ აშშ-ის საელჩომ ითანამშრომლოს პროკურატურასთან, მიაწოდოს მასალა. ნახოს მთელმა ქვეყანამ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ჯგუფურად როგორ ანგარიშსწორებას ეწევიან და ძალადობენ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. იყო კითხვა, რომ რას უკავშირებ? პირდაპირ ვუპასუხე, რომ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე ეს იყო დაგეგმილი, აშშ-სთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა. და ჩემი შეშინება უნდოდათ. „ქართულ ოცნებას“ თუ მოუვიდოდა ეს სიგიჟე – ამერიკის ტერიტორიაზე ჯგუფური თავდასხმა, თორემ ნებისმიერ ადგილას დამხვდებოდნენ და მცემდნენ ისე, რომ ქვეყანას ამ სირცხვილს აარიდებდნენ“, – განაცხადა წერეთელმა.


პროკურატურის ცნობით, 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (ძალადობა და მუქარა).

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყა უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა. მგალობლიშვილი ასევე მმართველი პარტიის დეპუტატია.

„უბინძურეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, უბინძურესს, წერეთლის მხრიდან. მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო… ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა“, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამერიკის საელჩოზე მომხდარ ინციდენტს.