მთავარი პროკურორის დაპირებით, FBI ჩაერთვება ყველა ექსპერტიზაში, რასაც მოვითხოვთ - ბაჩალიაშვილის ოჯახი

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურაში გენერალურ პროკურორთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და მათი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის შეხვედრა დასრულდა.

„მთავარი პროკურორის დაპირებით, FBI ჩაერთვება ყველა ექსპერტიზაში, რასაც მოვითხოვთ“, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, რომელმაც შეხვედრაზე შესვლამდე, ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვის მოთხოვნით შიმშილობის დაწყებაც დააანონსა.

თეონა თამაზაშვილის თქმით, ირაკლი შოთაძემ მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობა „ზედმეტად მიიჩნია“ და თქვა, რომ ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

მთავარი პროკურორის დაპირებების მოსმენის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას, ჯერჯერობით, აღარ აპირებს.

ადვოკატმა მიხელ რამიშვილმა განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა იყო, რომ საქმის გამოძიებაში FBI ჩართულიყო ექსპერტიზის ჩატარების ნაწილში, რაზეც, მისი თქმით, პროკურატურამ მზადყოფნა გამოხატა.

„წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები, რომ გადაგზავნილია უკვე მოთხოვნები და ჩართულობა იქნება, მაგრამ ეს დროსთანაა დაკავშირებული და მზაობა არის გამოხატული, რომ იქნებიან მოწვეული ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ და ფეისბუქთან, გუგლთან და ვებსაიტებთან დაკავშირებული ინფორმაციების მიღებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რადგანაც ეს გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული, რომ ეს საფუძველი იქნება სიმშვიდის, რომ ამით ჩვენ შეიძლება დავწყნარდეთ, რადგან არის ძალიან ბევრი ექსპერტიზა ჩატარებული და ეს არის პირველ რიგში კომპიუტერზე, ასევე ავტომობილზე…

დაჩქარებული წესით მოვითხოვეთ რომ მოძიებული იქნეს სადიაგნოსტიკო აპარატი, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება. შესაძლებლობა იქნება, სად მოხდა გადაგზავნა და ვის მიერ იქნება შემოწმებული ლეპტოპი, რომლის მიმართაც კიდევ გვაქვს უნდობლობა.

მოსამართლის განჩინება არის, რომ ყველაფერზე, რაც კითხვის ნიშნებს გვიჩენს, ამაზე რეაგირებას მთავარი პროკურატურა მოახდენს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას იძიებს, რის შესახებაც მათ პრეტენზია პროკურატურასაც გააცნეს.

„მთავარმა პროკურორმა ბრძანა, რომ არ შეიძლება მარტო ერთი ვერსიით მუშაობა და ასეთი ფორმით  ამდაგვარი ინფორმაციის გავრცელება. დანარჩენი, ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე თუ დასტურდება, მათი დაპირებით, დეტალურად იქნება გამოძიება ყველა იმ კითხვაზე, მთავარი პროკურორი იქნება პასუხისგამცემი კითხვებზე, ყველაფერზე ირაკლი შოთაძე იქნება პასუხის გამცემი და ყველაფერზე იქნება ხელის შემწყობი“, – განაცხადა რამიშვილმა.