საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, კაკი ზოიძემ, რომელიც საქართველოში ვაქცინაციის გეგმის შედგენაშიც მონაწილეობდა, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა.
მისი თქმით, ორივე ვაქცინა, რომელიც საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია [„ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“] უმაღლესი სტანდარტის დაცვით არის დამზადებული და მსოფლიოში ყველაზე მკაცრი მარეგულირებლების მიერ არის ლიცენზირებული.
„მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო გამოყენებისთვის აქვს ლიცენზია, უსაფრთხოების არც ერთი სტადია არ გამოუტოვებიათ ამ ვაქცინის მიღების დროს.
ერთწლიანი დაკვირვებითაც და ამ მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მონაცემებით, მთავარი, რაც მოქალაქემ უნდა იცოდეს, არის ის, რომ ვაქცინა 100%-ით იცავს ადამიანს სიკვდილისგან. „ასტრაზენეკა“ 2/3 შემთხვევაში საერთოდ ვირუსის გადაცემას აჩერებს. თქვენ ან საერთოდ არ დაგემართებათ კოვიდი და თუ დაგემართათ, ეს იქნება უსიმპტომო ან მსუბუქი ფორმა.
ერთეულია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, მაგრამ ყველა შემთხვევაში 100%-ით გიცავთ სიკვდილისგან. ჩემს მაგალითზე გეტყვით – მე მაქვს, ჩემი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ათიდან ერთი შანსი, რომ, თუ დამემართა კოვიდი, გამირთულდეს და დავიღუპო და მაქვს ნახევარ მილიარდთან ერთი შანსი, რომ მე აცრის შედეგად გამირთულდეს იმ დონეზე, რომ დავიღუპო.“ – განაცხადა კაკი ზოიძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფზე ორიენტირებული მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიები და, ასევე, მოსახლეობას მკაფიოდ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ვაქცინას აქვს რისკი, მაგრამ ეს რისკი განუზომლად მცირეა იმ რისკთან შედარებით, რომელიც კოვიდით ინფიცირების შემთხვევაშია.
„კოვიდით ინფიცირების შანსი მაღალია. მით უმეტეს, რომ მესამე ტალღაზეა საუბარი.“ – განაცხადა ზოიძემ.
მისი თქმით, ვაქცინა პანდემიის დასრულების საშუალებაა.
„ვაქცინა საშუალებაა, რომ პანდემია დავასრულოთ. დავასრულოთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, რომელსაც ყოველდღე ვისმენთ. ტრაგედიები ანონიმური გახდა. დღეს 8 გარდაიცვალა, გუშინ – 10. იმის წინ მისალოცი იყო, რომ მხოლოდ 4 გარდაიცვალა. მაგრამ ყოველდღე ადამიანები ეწირებიან ამ პანდემიას“. – ამბობს კაკი ზოიძე.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 2 კვირის წინ დაიწყო. ქვეყანაში ხელმისაწვდომია როგორც „ასტრაზენეკას“ ისე „ფაიზერის“ ვაქცინა. „ფაიზერის” ვაქცინით აცრა სამშაბათიდან დაიწყება. ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეუძლიათ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს და 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს.