დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართავს და ასევე ისიც, რომ მსუბუქი მანქანებით გადაადგილების აკრძალვა, რომელიც 17 აპრილს ამოქმედდა, 27 აპრილამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის კანცელარიაში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, აპრილის ბოლო და მაისის პირველი კვირა კრიტიკული იქნება.
„სულ ვამბობ, რომ მომავალი სამი კვირა იქნება რთული. რატომ ვამბობ 3 კვირას ? ამას ხშირად მეკითხებიან. პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ შიდა გავრცელების შემთხვევები, როცა პირველწყაროზე ვერ გავედით. შიდა გავრცელებიდან დაწყებული მე-6 მე-8 კვირამდე ითვლება კრიტიკულ კვირებად. ამიტომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი კვირა მოსალოდნელია, რომ იყოს შემთხვევების ზრდა. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ის მთავარი სლოგანი, რაც ხშირად გესმით – დავრჩეთ სახლში, ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს. როცა პიკს გადავივლით, არსებობს გეგმა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა თანდათანობით ამ მდგომარეობიდან და როგორ უნდა გაიხსნას ბიზნესისა და ჩვენი მუშაობისთვის სივრცე. ამის გეგმა წარმოდგენილი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო გაითვალისწინებს გერმანიისა და ავსტრიის გამოცდილებას. ამ ქვეყნებში, როცა გავრცელების მრუდი დაღმავალი გახდა, ეტაპობრივად დაიწყო შეზღუდვების მოხსნა.
„ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ სწორად. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. აქამდე ყველა ის ღონისძიება, რაც გაატარა იანვრიდან დღემდე, იყო დროული და მიზანდასახული. მოდუნების უფლება არ გვაქვს. ზრდა გვექნება და არ გვინდა, რომ რამდენიმე ასეული იყოს, რომელიც მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის.
მესმის, რთულია ერთ კვირით გადავადება და გაგრძელება მანქანებით მოძრაობის აკრძალვის, მაგრამ, ჯერჯერობით, დისტანციის შეზღუდვის გარდა, ამ ვირუსთან ბრძოლაში სხვა გამოცდილება არცერთ ქვეყანას არ აქვს. ვაქცინა არ არის ჯერ, იცი და არ არის პირდაპირი დანიშნულების ეთიოტრუპული პრეპარატი, რომელიც იმედია, შემოდგომაზე იქნება საზოგადოების ხელში და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ ვირუსს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.