საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ახლოდან აკვირდებიან სააკაშვილის საქმეს და მიაჩნია, რომ მთავარი საკითხია ახლა, მისი როგორც პატიმრის ფუნადემენტური უფლებები იყოს დაცული.
„ახლოდან ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის საქმეს. მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება და სწორად მოქმედება არის იმის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას.
მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციალური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩემი საუკეთესო რჩევაა მათი რეკომენდაციების გათვალისწინება“, – განაცხადა ელჩმა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა კონსილიუმის რეკომენდაცია სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით. კონსილიუმი წერს, რომ მისი გადაყვანა საჭიროა c ტიპის დაწესებულებაში. სახალხო დამცველის თქმით, კონსილიუმის წევრთა მოთხოვნებს ციხის საავადმყოფო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის გადასაყვანად სთავაზობს, ვერ აკმაყოფილებს.
იუსტიციის სამინისიტრო კი, ამბობს, რომ ციხის საავადმყოფო მზადაა მიიღოს მოშიმშილე პატიმარი და მართოს მისი მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს. ადვოკატების განცხადებით, მიზეზი მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებაა და ასევე ის, რომ აღნიშნულ საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ მართოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მიხეილ სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით არაერთი განცხადება გავრცელდა როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ.
სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების გამო; აგრეთვე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისთვის.