„მთავარი არხის“ ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მიკროფონი წაართვეს და დაუზიანეს. – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ჟურნალისტი ადგილზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, ჯუმბერ ვარდმანიძის ჩასაწერად იყო მისული შაბათის „მთავარისთვის“ სიუჟეტის მოსამზადებლად. მათივე ცნობით, სიუჟეტი ხელვაჩაურის ყოფილ მერთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებს შეეხებოდა.
მახინჯაურში მომხდარ ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ქარტია საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა.
„2023 წლის 5 ივლისს ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა უცნობი პირი, მიკროფონი გადაუგდო და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალა ხელი. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.