მთავრობა ამბობს, რომ აბორტების სტატისტიკა საგანგაშოა, თუმცა ბოლო მონაცემები საწინააღმდეგოს ამტკიცებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საბჭოს წევრებმა განიხილეს აბორტის საგანგაშო სტატისტიკა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას,“ – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში რეგისტრირებული აბორტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა. ამიტომ უცნობია, მთავრობა „საგანგაშო“ სტატისტიკაში რას გულისხმობს.

„პუბლიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული აბორტების რაოდენობა 16 619 იყო, აქედან ხელოვნური აბორტი – 10 446.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის მაჩვენებლების სტატისტიკის მიხედვით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზეა გამოქვეყნებული, რეგისტრირებული აბორტების ზრდის ტენდენცია არ დასტურდება. 2021 წელს ქვეყანაში რეგისტრირებულია 17 774 აბორტი, რომელთაგან ხელოვნური აბორტების წილი 62.7%-ს უდრიდა. წინა წელთან შედარებით, აბორტების საერთო რაოდენობა 7%-ით შემცირდა.

ხელოვნურ აბორტების რიცხვის შესამცირებლად, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აუცილებლად მიიჩნევენ ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებების მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

მთავრობა პრევენციული და ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების შესახებ თითქმის არ საუბრობს და მათი ინიციატივები, ძირითადად, შეზღუდვებზეა მიმართული, რაც ქალთა ჯანმრთელობის კუთხით ვითარებას გააუარესებს და პოზიტიურ გავლენას ვერ იქონიებს აბორტების რიცხვის კლებაზე.


ამ ყველაფერს წინ უძღოდა 26 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებები, რომლითაც აბორტის ჩასატარებლად დამატებითი ბარიერები გაჩნდა ქალებისთვის.

ვრცლად ამ საკითხზე გაეცანით მასალას: