საქართველოს მთავრობა ავტოსადგურების რეფორმის განხორციელებას გეგმავს – 2025 წლის მაისამდე, ქვეყანაში პირველი, მეორე და მესამე კლასის თანამედროვე ტიპის ავტოსადგურები მოეწყობა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს ქვეყანაში უამრავი ავტოსადგური არსებობს, რომელიც არანაირ წესებში არაა მოქცეული, არანაირი სტანდარტი არ არის დაცული და სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც აისახება, ტურიზმის სექტორზეც და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები არც ისე კომფორტულ პირობებში სარგებლობენ შიდა, საქალაქთაშორისო, თუ საერთაშორისო გადაზიდვებით. ამ შემთხვევაში, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ.
განისაზღვრება სამი ტიპის ავტოსადგური. ეს იქნება პირველი, მეორე და მესამე კლასი. დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება, ხოლო ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში, იქნება მცირე მოთხოვნებით, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის და ყველა იმ მინიმალური კომფორტისა და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს მგზავრებს სჭირდებათ.თითოეული მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს თავის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობას და მუნიციპალიტეტებსაც თავისი უფლებამოსილებები განესაზღვრებათ”, – თქვა ლევან დავითაშვილმა.
შეკითხვაზე, რეფორმის შედეგად, გაძვირდება თუ არა მგზავრობის საფასური? – მინისტრმა განაცხადა, რომ მგზავრობის ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.
„სატრანსპორტო საშუალებები დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი, ბილეთების ფასი ლოგიკას დაექვემდებარება. ზოგადად, ამ რეფორმების ფარგლებში, ბილეთის ფასის გაძვირებას არ ველოდებით”, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, რეფორმის პირველი ეტაპის მოთხოვნები, რაც სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო ნორმებთან შესაბამისობას მოიცავს, გადამზიდავებმა 2024 წლის თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილონ.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, რეფორმის ფარგლებში ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარება, რომლის ჩატარების წესსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ცვლილებები შევა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწასა და ავტოსადგურების სერტიფიცირებას, რაც უზრუნველყოფს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და უსაფრთხოების დონის ამაღლებას.