მთავრობა დაუსრულებელი მშენებლობების დასაზღვევად ახალ პროგრამას იწყებს

პუბლიკა

 

მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი სექტორალური მხარდაჭერის პროგრამის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს, დააზღვიოს დაუსრულებელი მშენებელობები და ამისთვის აცხადებს 100-მილიონიან საგრანტო აუქციონს.

„კიდევ ერთი სექტორალური მხარდაჭერის პროგრამა –  დღეს ჩვენ უნდა გავამოცხადოთ 100 მილიონიანი ლარის საგრანტო აუქციონი. ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და თითოეულ ქართულ ოჯახს, რომელსაც ჰქონდა დანაზოგი, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა, არ შეშლოდათ ხელი. თუმცა ეს საკმარისი არ არის და ამასთან ჩვენ აუქციონზე გამოვიტანთ 100-მილიონიან გრანტს იმისთვის, რომ არცერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ. ამ კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დაწყებული დაუსრულებელი შენობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენ მოქალაქეებს“, – განაცხადა გახარიამ.