მთავრობა ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს

პუბლიკა

საქართველოს მთავრობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, – ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

პრესრელიზის მიხედვით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით ათობით სოფელში იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად უნდა დაიფაროს.