დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა მეორე წელია ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის გარეშე საქმიანობს. ეს კი, ორგანიზაციის შეფასებით, საჯარო დაწესებულებების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ნებისმიერ მოქმედებას ფრაგმენტულსა და არაკოორდინირებულს ხდის.
ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის (2014-2020) ვადა 2020 წლის ბოლოს ამოიწურა.
DRI-ში ამბობენ, რომ დაინტერესებული საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, დღემდე არ დაწყებულა ახალ ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი, რომელშიც სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც იქნებოდნენ ჩართულები.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვნად გაუარესებულია მდგომარეობა, რაც უკანასკნელ პერიოდში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გაუქმებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ პოლიტიზაციაში, ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების უკიდურესად შესუსტებაში, ძალადობის წახალისებაში, შეკრების თავისუფლების უხეშად დარღვევაში, უსახლკარობის საფრთხის წინაშე მდგომი პირებისა და დევნილების პრობლემების უგულებელყოფაში გამოიხატა.
„ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაუარესებული ვითარება გამოწვეულია სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ საკუთარი ვალდებულებების არასათანადო გააზრებითა და შესრულებით, “- ამბობენ ორგანიზაციაში.
შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება, რომლითაც ავტორიტეტულ საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, განისაზღვრება საქართველოში ადამიანის უფლებათა განმტკიცების ფართო ხედვა, მთავარი გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები.