მთავრობა მოუწოდებს კერძო ბიზნესს, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს.

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს.

თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებსა და ტოტალიზატორებს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაცია.

„ამასთან, საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე“, – ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.