EMC ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით „დეზერტირებისა“ და „ლილოს“ ბაზრობების და საცალო გაყიდვების სხვა ადგილების დახურვას ეხმაურება და საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს, იქ მომუშავე მოვაჭრეებსა და თვითდასაქმებულებს სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციაში დაეხმაროს.
ორგანიზაციის მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს შრომით ბაზარზე დასაქმებულ ადამიანებს შორის 49.4%, ანუ 800 ათასი ადამიანი თვითდასაქმებულია[1]. თვითდასაქმებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, სახელმწიფოს არ აქვს მათი შრომის პირობებისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის ეფექტიანი ინსტრუმენტი, და ზოგადად, არ გააჩნია არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების დაცვისა და გაძლიერების ხედვა და პოლიტიკა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თვითდასაქმებულების სამუშაო არასტაბილური და არაგანჭვრეტადია; ისინი ვერ სარგებლობენ დასაქმებულის ოფიციალური სტატუსით, შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებითა და დასაქმებულთათვის არსებული სოციალური პაკეტებით. თვითდასაქმებულები შრომით ურთიერთობებში წარმოქმნილი გამოწვევების წინაშე სრულიად მარტონი არიან.
„თვითდასაქმებულთა შრომის არასტაბილურობა, მათ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მტაცებლური დაკრედიტების პრაქტიკის წინაშე. თვითდასაქმებულ მოვაჭრეთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული მაღალპროცენტიანი სესხით სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ბანკებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საშეღავათო პერიოდები არ დაუწესებიათ. საგანგებო სიტუაციით განპირობებული შეზღუდვების ფონზე, დარიცხული ჯარიმების გამო, მსესხებელთა დავალიანება ყოველდღიურად უკიდურესად იზრდება და ბევრ თვითდასაქმებულს არსებობისთვის საჭირო შემოსავლის გარეშე ტოვებს, “– ამბობენ EMC-ში.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას:
- მხარდაჭერა აღმოუჩინოს თვითდასაქმებულებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან აღებული სასესხო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაში;
- ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობით, უზრუნველყოს სასესხო ვალდებულებებზე ჯარიმების დარიცხვაზე მორატორიუმის დაწესება;