საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც არ ასახავს რეალურ სურათს.
საუბარია ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
“სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს. გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.” – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
დღეს “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ პრეზიდენტს ელჩის თანამდებობაზე 12 პირის დანიშვნის თაობაზე მიმართა და სალომე ზურაბიშვილმა 12-ვეს დანიშვნას ხელი მოაწერა.