მთავრობა რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის ჩამოყალიბებაზე მუშაობს

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა.

გახარიამ ისაუბრა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს და ეს პროცესი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით წარიმართება.

„..ჩვენი მთავარი მიზანია, სტრუქტურა დავალაგოთ ისე, რომ სტაციონარში მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სტაციონარი სჭირდება. როგორც კი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა ან კრიტიკული, მისი მართვა უკვე საერთო საქმეა. ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი. რა თქმა უნდა, კლინიკური ჯგუფის ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია, ყველამ უნდა გამოვიყენოთ. პირველი ტალღის წარმატებას ჰყავდა თავისი გმირები და სახეები; ახლა შევდივართ მეორე ტალღაში, სადაც სხვა რიგის პრობლემები დგას და უნდა გაჩნდნენ ახალი გმირები, რომლებიც ამ ღირსეულ კოჰორტას უნდა შეემატონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით – Stop Covid, რომელიც მათ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს.