საქართველოს მთავრობა საპენსიო სააგენტოს მართვის რადიკალურად შეცვლას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. ავტორი ეკონომიკის სამინისტროა.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობა და არა პარლამენტი გადაწყვეტს საპენსიო საბჭოს მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხს.
ამიტომაც, უქმდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო.
მოქმედი კანონმდებლობით, საინვესტიციო საბჭო 4 ადამიანისგან – დასავლელი ფინანსისტისგან შედგება. სწორედ ისინი წყვეტენ, რომელ ბირჟებზე მოხდება საპენსიო თანხების ინვესტირება. საბჭოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ამტკიცებს.
მოქმედი კანონმდებლობით, საინვესტიციო საბჭოს პარლამენტს შესარჩევი კომისია წარუდგენს, რომელიც 7 წევრისგან შედგება: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი, 1 დამოუკიდებელი წევრი. დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი.
ინიციირებული კანონპროექტით, საინვესტიციო საბჭოს შეცვლის მმართველობითი საბჭო, რომელიც 15 ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული – პროფესიონალი და თანამდებობრივი წევრებისგან.
მმართველობითი საბჭო პასუხისმგებელი იქნება როგორც საპენსიო ფონდის მართვაზე, ისე – ინვესტირების პროცესზე.
მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს შერჩევის შემდეგ კომისია დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.
თუ მმართველობითი საბჭოსთვის შეირჩევა 9 წევრი,1 წევრი იქნება თანამდებობრივი და 8 – პროფესიონალი, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში შესაძლებელია არსებობდეს 2 თანამდებობრივი წევრი. თანამდებობრივი წევრი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი.
თანამდებობრივ წევრებს პირდაპირ საქართველოს მთავრობა დანიშნავს. დანარჩენ წევრებს კი შეარჩევს კომისია, რომელიც ასევე ძირითადად მთავრობის წევრებისგან შედგება და მას დასანიშნად წარუდგენს მთავრობის მეთაურს.
15 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო დაიყოფა სამ კომიტეტად, ესენია ა) საინვესტიციო კომიტეტი; ბ) რისკის კომიტეტი; გ) აუდიტის კომიტეტი.
ასევე:
მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებრისკიანი პორტფელიდან საპენსიო სააგენტოს ინვესტირება შეუძლია მხოლოდ ობლიგაციებში ან აქციებში.
ინიციირებული ცვლილებებით, სააგენტოს ექნება უფლება, თანხა ობლიგაციებისა და აქციების გარდა, ამა თუ იმ პროექტის პირდაპირი დაფინანსებისკენ მიმართოს. კერძოდ: ახალ კანონპროექტში წერია, რომ სააგენტოს შეეძლება, დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15% ჩადოს “სხვა ტიპის აქტივებში”.
იზრდება ლიმიტებიც, მაგალითად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15%-იანი ლიმიტი, იზრდება 20%-მდე, ხოლო მაღალპროცენტიანი საინვესტიციო პორტფელი 25%-მდე.
იზრდება საპენსიო ფონდის ადმინისტრაციული ხარჯები. არსებული კანონით, საპენსიო სააგენტო იღებს მართვის საკომისიოს 0.5%-ის ოდენობით, ხოლო ცვლილებით, საკომისიო 0.75%-მდე იზრდება.
ამ დროისთვის საპენსიო ფონდის აქტივების ზომა 4.9 მილიარდ ლარია – საქართველოს 1.3 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგი.
კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის 1 ივლისამდე საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი აქტების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო 2025 წლის 1 მარტამდე შესარჩევმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს მმართველობითი საბჭოს წევრების არჩევა და პრემიერ-მინისტრმა – არჩეული წევრების დანიშვნა.