მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამას იწყებს

პუბლიკა

საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურმეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს სექტემბრიდან შეეძლებათ განცხადებების სამინისტროში შეტანა.

„ეს არის ის ძირითადი სურვილი და სათხოვარი, რაც ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, პროგრამა, რომელიც გვქონდა წინა წლებში, მაგრამ შეზღუდული ბიუჯეტით, მასშტაბურად დავაფინანსოთ მიმდინარე წელს. სექტემბრიდან შეგვიძლია მივიღოთ განაცხადები ამ პროგრამაში მონაწილეებისთვის. ჩვენ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, შესაბამისად, ტექნიკის ღირებულების ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენი ნაწილი, შეიძლება იყოს შეღავათიანი საკრედიტო ან სალიზინგო რესურსით დაფინანსებული, შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობას, ვფიქრობ, მნიშვნელოვან შეღავათს მივცემთ. ჩვენ გვექნება როგორც 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე მექანიზაციის დაფინანსების შესაძლებლობა, ისე 20 000-100 000 ლარამდე ღირებულების და 100 ათას ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ტექნიკის შემთხვევაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.