OGP-ის სამოქმედო გეგმის თანახმად, მთავრობა სხდომის ოქმების გამოქვეყნებას დაიწყებს 

პუბლიკა

ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს მთავრობა სხდომის ოქმების გამოქვეყნებას დაიწყებს.

დოკუმენტი 2023 წლის 29 დეკემბერს დამტკიცდა. მასში წერია, რომ მთავრობის სხდომების შესახებ დეტალური ინფორმაცია საჯარო გახდება. ამ ეტაპზე ოქმები არ ქვეყნდება. გეგმის თანახმად, მთავრობის სხდომის ოქმების გამოქვეყნება 2024 წლის მეოთხე კვარტალში უნდა დაიწყოს.

„ამჟამად მთავრობის სხდომის ოქმები არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, შედეგად, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. შესაბამისად, მთავრობის გამჭვირვალობის გაზრდის, ასევე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაძლიერების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება მთავრობის სხდომების გამართვამდე სხდომის დღის წესრიგის, ხოლო სხდომების გამართვის შემდგომ – სხდომის ოქმების პროაქტიული გამოქვეყნება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე”. –  წერია ღია მმართველობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.

ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა 2024-2025 წლებში უნდა განხორციელდეს.