მთავრობა თუ არა, პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე - ზურაბიშვილი

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიღება გამართა.

მიღებაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისურვებდა, დღეს უკრაინაში ყოფილიყო და ამის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა უკრაინიდან მოწვევა ვერ მიიღო.

მან საქართველოს პარლამენტი გააკრიტიკა მიწვევაზე უარის თქმის გამო, ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება მათი პოლიტიკური პოზიციისთვის.

„საზოგადოების სახელით პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილზე და ფორმატში გამოვხატე უკრაინის მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ.

მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისთვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი  მოწვევის მიუხედავად არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალური დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან.

ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, რომლებიც ევროპის უფრო ძლიერ ქვეყნებს, რომ ევროკავშირის საზღვრები და  NATO-ს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს. თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი, მაგრამ მოქალაქეებმა ყველა ფორმით გამოხატეს თანადგომა უკრაინის მიმართ.

„არ შეიძლება, არ გამოვხატო მწუხარება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზით ცდილობს, გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია. გაუგებარია იმ ქვეყნისგან, რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ. რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა თუ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე.

საბედნიეროდ, საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია ყველა ფორმა თუ საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვანი მეგობრობის ქვეყანსთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა აჩვენეს, სად დგას ქართველი ხალხი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.