მთავრობა: ვგმობთ მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს

პუბლიკა

მოსკოვში მომხდარ თავდასხმას საქართველოს მთავრობა ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში სულ მცირე, სამმა პირმა  ცეცხლი გახსნა. როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 60 ადამიანი, მათგან 3 ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია – 115 ადამიანი.

დასავლური მედიის ცნობით, მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო.

საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მისი თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი „სათანადოდ გაუმკლავდება”.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვნელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკაინის დაზვერვის სამსახურის სპიკერის, ანდრიი იუსოვის თქმით კი, რუსეთში მომხდარი „პუტინის გააზრებული პროვოკაციაა”.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ რუსეთში მომხდარ თავდასხმაში.