მთავრობამ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

პუბლიკა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 დეკემბერს გამოსცა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერისვე ბრძანების შესაბამისად, იქმნება საკონკურსო კომისიაც, რომელიც კანდიდატებს შეარჩევს.

შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურატურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.

ბრძანების მიხედვით, კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები უნდა წარედგინოს.

„კონკურსში მონაწილეობის პირობების, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომის გამართვიდან ერთი კვირის ვადაში გამოქვეყნდება“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.