„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისას მთავრობამ უნდა გაითვლასიწინოს სოციალური დაცვის მექანიზმების მიღმა დარჩენილი ყველაზე მოწყვლადი, მათ შორის, ფორმალური სისტემებიდან გარიყული ადამიანების მრავალმხრივი საჭიროებები.
განცხადებაში წერია, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკური აქტივობების ნაწილი მთლიანად შეაჩერა, ნაწილი – შეაფერხა. დასაქმებულებმა სამსახურები განუსაზღვრელი ვადით დაკარგეს, უშემოსავლოდ რჩება 800 000 თვითდასაქმებულის მნიშვნელოვანი ნაწილი.
EMC-ის მოჰყავს „ედისონ რისერჩის” კვლევა, რომელშიც გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ფული თვეზე ნაკლებ ხანს ეყოფა, 40%-ს კი დანაზოგი 1-დან 3 თვემდე უზრუნველყოფს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობის ეკონომიკური ნაბიჯები მეტწილად მსხვილი და საშუალო ბიზნესის დახმარებას ითვალისწინებს.
„აუცილებელია, სოციალურმა პაკეტებმა სრულყოფილად მოიცვას უსამსახუროდ, უშემოსავლოდ დარჩენილები და ასევე ისინი, ვინც რისკჯგუფს წარმოადგენს და მაღალი ეკონომიკური და შრომითი მოწყვლადობით ხასიათდებიან – პენსიონერები, ქრონიკული დაავადებების მატარებელნი, უსახლკაროები თუ სხვები. მასობრივი დაკრედიტებისა და ჭარბვალიანობის პირობებში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ გაუმართავი, მტაცებლური მიკროსაფინანსო სისტემებით დაზარალებულებიც, რომლებსაც ისედაც მძიმე ვალდებულებების შესრულება არსებულ ეკონომიკურ კრიზისში კიდე უფრო გაუჭირდებათ.
სოციალური პაკეტის შემუშავებისას აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღოს არსებული სოციალური უზრუნველყოფის სისტემების ღიობები და ჩავარდნები. მაგალითად, ის არ უნდა დაეყრდნოს ხარვეზიან და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიას და სასწრაფოდ უნდა შეიმუშავოს კრიზისული ვითარებისთვის შესაბამისი საჭიროებების აღწერის ახალი პროცედურები.
ასევე, სამწუხაროა, რომ აქამდე მთავრობა არ ახდენდა არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანების ფინანსური თუ სოციალური სტატუსის შესწავლას და მათ აღრიცხვას, რაც დღეს უკიდურესად ართულებს მათი დანაკარგების და გაჩენილი საჭიროებების შეფასებას. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ანტიკრიზისულ გეგმაში გაითვალისწინოს არა მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი იმ ადამიანების საჭიროებები, რომლებსაც ე.წ. ფორმალურ სექტორში ჰქონდათ სამსახური, არამედ არაფორმალურ სექტორში დასაქმებული თუ არასტანდარტული სამსახურის მქონე ადამიანთა საჭიროებები, რომლებიც უმეტესად დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულნი (მათ შორის ტაქსის მძღოლები, ძიძები, სალონებში, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები და სხვა).
მნიშვნელოვანია, უპასუხოდ არ დარჩეს კითხვები იმაზე, თუ ვის ინტერესებს მოხმარდება ანტიკრიზისული პაკეტის ის ნაწილი, რომელიც ბიზნესის დახმარებისთვისაა განკუთვნილი; როგორ და რა პრინციპით განაწილდება ეს რესურსი და რამდენად გამჭვირვალედ დაიხარჯება მოძიებული რესურსები. ასევე, ცხადი პასუხები უნდა გაეცეს კითხვებს, თუ რა ვალდებულებები ახლავს თან იმ მასშტაბურ ფინანსურ პაკეტებს, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუციები გასცემენ საქართველოზე; რაზე მიდის მოლაპარაკება და რა არის ამ მოლაპარაკებების პირობები?
გარდა ამისა, გადამწყვეტია არა მხოლოდ მოკლევადიანი ზომების მიღება, არამედ გრძელვადიანი გეგმის შემუშავება, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და დონორებისგან მობილიზებული თანხების ეკონომიკურად მდგრადად და სოციალურად სამართლიანად მიმართვას უზრუნველყოფდა და ორიენტირებული იქნებოდა არა მხოლოდ ადამიანებისა და შინამეურნეობების გადარჩენისკენ, არამედ კრიზისის შედეგად კიდევ უფრო გაღრმავებული სიღარიბის დაძლევისკენ”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
EMC-ის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.
მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმის პროექტს ხვალ, 24 აპრილს წარადგენს. ცნობილია, რომ პროექტი ორეტაპიანი იქნება და ეს არის მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. მთავრობის ცნობით, ხვალვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა.