მთავრობამ არ გასცა პასუხი პრორუსულ ძალებს, რომლებიც გვდევნიდნენ - თაბაგარი

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლის თავზე პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია” პოლიტიკოსებთან და აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს.

აქციაზე „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელმა, გიორგი თაბაგარმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასული წლის 20 ივნისს საზოგადოებამ ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა.

„ჩემი გამოცდილება მინდა მოგიყვეთ, როგორ მივედით 20 ივნისამდე. ეს ბევრად ადრე დაიწყო „თბილისი პრაიდისთვის“. ჩვენ გვქონდა დაანონსებული ღონისძიება, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა მართლმადიდებელ პარლამენტართა ანსამბლეის ღონისძიებას, უფრო სწორად მათ დაამთხვიეს ეს ღონისძება. ამას თან ერთვოდა ლევან ვასაძის, „ქართული მარშისა“ და პრორუსული ძალების პოგრომი თბილისის ქუჩებში, რომლებიც გვდევნიდნენ, გვცემდნენ და გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, იმიტომ, რომ ვიყავით განსხვავებულები. ისინი დევნიდნენ ემიგრანტებს, სხვანაირად ჩაცმულ ადამიანებსა და სახელმწიფომ ამ ჯგუფებს პასუხი არ გასცა.

14 სხვადასხვა კანონი დაარღვია ლევან ვასაძემ შარშან „თბილისი პრაიდის“ მიმდინარე პერიოდში და დღემდე ის არ მიცემულა პასუხისგებაში, სამაგიეროდ, ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტში მისცა ადგილი ქვეყნის დეპუტატს, რომლის გამოც ჩვენ გვყავს 3 000 დევნილი ამ ქვეყანაში. ამ ქვეყნის გამო გამოვიარეთ 9 აპრილი, დავკარგეთ უამრავი ადამიანი და ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. ის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, ასეთ ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გავეცით 20 ივნისს.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით რუსეთთან დაახლოებულ ურთიერთობებს. იმ ქვეყანასთან, რომელიც ხოცავს აქტივისტებს, ხოცავს ჟურნალისტებს, ხოცავს ოპოზიციონერებს. არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნის სუვერენულ საზღვრებში და გიორგი გაბუნიას ინციდენტი ბოლო დღეებში ზუსტად ასეთი იყო და ჩვენ არასოდეს არ ვეტყვით „კის“ ასეთ ხელისუფლებას.

მადლობა მინდა ვუთხრა აქციის ორგანიზატორებს, რომ ჩვენ მოგვცა ინკლუზიური სივრცე, რომ მე და ჩემი თანამებრძოლები აქ ვგრძნობდით  თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში. პირველად ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ქართული პროტესტების ისტორიაში ვყოფილიყავით მოძრაობის ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ წარმოვადგენთ ყველაზე მარგინალურ ჯგუფს ამ ქვეყანაში”, – გიორგი თაბაგარი.


2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვია გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.