მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოცემული სფერო მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება, უსაფრთხოების კუთხით და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე პარაპლანით ფრენის სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე.
წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო წარიმართა კულტურის სამინისტროს კოორდინაციით, ეკონომიკისა და შს სამინისტროებთან ერთად
„ასევე, ის ფედერაცია, რომელიც დღემდე არის ბაზარზე და კომერციულ ფრენაში გარკვეულ როლსაც ასრულებდა, რადგან პარაპლანით ფრენისას, სამწუხაროდ, არაერთი უბედური შემთხვევაც მომხდარა. ფედერაცია, რომელიც არ არის ჩვენი სამინისტროს მიერ აღიარებული, დღეს დამტკიცებული წესის თანახმად, სწორედ ეს ფედერაცია, რომელიც აქტიურად იყო ჩვენთან ერთად ამ წესის შემუშავებაში ჩართული, უკვე გარკვეულ რეგულაციებს იღებს, რომელიც არის საკმაოდ მკაფიო და იმედია, მალე მთავრობის ეს აქტი საკანონმდებლო ცვლილების სახესაც მიიღებს. ეს ფედერაცია ხდება გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, ვინაიდან ამ წესის მიღების შემდეგ ვერც ერთი ინდმეწარმე, იურიდიული პირი ვერ განახორციელებს ფრენას, თუ თვითონ მფრინავი, პილოტი არ არის პროფესიონალი, არ აქვს ჩაბარებული გამოცდა“, – განაცხადა მინისტრმა „პირველი არხის“ ცნობით.
მისივე თქმით, ამ წესის თანახმად, თავად აპარატურა უნდა იყოს გამართული, აქამდე ეს ვალდებულება არ არსებობდა.
პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.
წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენას.
წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენაზე, თუმცა ასეთი სახის ფრენის შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები.