მთავრობამ ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ დეოლიგარქიზაციის გეგმა დაამტკიცა – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „კომისიის წევრებმა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე.“

„დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.

დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე – მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია, გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან. მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„პუბლიკისთვის“, ჯერჯერობით, უცნობია, რა წერია დეოლიგარქიზაციის გეგმაში.

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არ მიიღო, 8 სექტმებერს კი ცნობილი გახდა,  რომ მთავრობა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობდა.