საქართველოს მთავრობა 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტს აქვეყნებს.
დოკუმენტში წარმოდგენილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები და შესაბამისი განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები.
დოკუმენტის მიხედვით, ჩამოთვლილი ნაბიჯები და მათი განსახორციელებელი აქტივობებია:
- ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა – საქართველოს მთავრობა აპირებს შეიმუშავოს კომუნიკაციის კამპანიის სამოქმედო გეგმა საქართველოში ევროკავშირისა და მისი ღირებულებების ხელშეწყობის მიზნით.
- ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება – ამ მხრივ, საჭიროა ევროკავშირის პოზიციებთან მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესება; აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით.
- შემდგომი მუშაობა პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე – უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ჩართვა ევროინტეგრაციის და სხვა ძირითად რეფორმებთან დაკავშირებულ სამუშაო ფორმატებში; ასევე საჭიროა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაგრძელება.
- თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა – ნაბიჯის შესასრულებლად მთავრობა 2024 წლის არჩევნებზე ეუთო-ოდირი-ს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევას აპირებს, აგრეთვე, ხელისუფლების შესაბამის ორგანოებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისთვის სამუშაო ფორმატების შექმნას და საარჩევნო კოდექსში პარტიების/არჩევნების დაფინანსების საკითხზე ცვლილებების შეტანას. ბოლო აქტივობაში იგულისხმება პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების შემოწირულობების აკრძალვა, მშპ-თან მიმართებით წლიური ხარჯების ზედა ჭერის შემცირება.
- საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა – მთავრობა აპირებს, საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ზედამხედველობის პრაქტიკა გააუმჯობესოს, აპირებს საპარლამენტო ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შევსებას.
- ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით – აქ გათვალისწინებულია, როგორც სამუშაო ფორმატის შექმნა ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე, ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლება და მიღება.
- ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა – მთავრობა აპირებს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რომლებიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდება; ასევე, ყველა საპარლამენტო პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრების გამართვას ამ ორგანოების წლიური ანგარიშების განსახილველად.
- დეოლიგარქიზაციის არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად, ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმოებით, რომელშიც ჩართულები იქნებიან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება – შესაბამის აქტივობებად მითითებულია დეოლიგარქიზაციის გეგმის დამტკიცება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ და საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელების ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით.
- ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელების და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებების დაწყება ინციდენტებზე, რომლებიც ეხება დაუცველი ჯგუფების, მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების უსაფრთხოებას, და ძალადობაში დამნაშავე პირებისა და ორგანიზატორების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში, და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა – დოკუმენტში მოცემულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება, სადაც განხილული იქნება ადამიანის უფლებების დაცვის 2024-2026 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი; ასევე, მთავრობა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ დაამტკიცებს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წწ. ეროვნული სამოქმედო გეგმას; განსახორციელებელ აქტივობებს შორის არის ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების გამართვა მიმდინარე გამოძიებებზე, ევროკომისიისთვის ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება გამოძიებებთან დაკავშირებით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა საკანონმდებლო და პოლიტიკის ფორმულირების პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.
დოკუმენტში ჩამოთვლილი აქტივობები 2023-2024 წლებში უნდა განხორციელდეს.
გეგმა 2023 წლის 27 ნოემბერს დამტკიცდა.