მთავრობამ კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლის რეჟიმის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოს - SJC

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმაურება მდინარე ენგურში საქართველოს ოთხი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს და ხელისუფლებას კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისთვის ქმედითი პოლიტიკური და დიპლომატიური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მომხდარი ადამიანის სიცოცხლისა და ბაზისური უფლებების ხელყოფის სულისშემძვრელი და ტრაგიკული გამოცდილებაა, რომელიც ერთის მხრივ, ოკუპაციის უმძიმეს შედეგებს, მეორეს მხრივ კი კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოლიტიკის სისუსტეს კიდევ ერთხელ ავლენს.

7 აპრილს მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა, რომ გალიდან საქართველოს ოთხი მოქალაქე გაუჩინარდა, რომელთა ცხედრები მდინარე ენგურში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ შამგონაში იპოვნეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ გადმოსვლას პენსიის მისაღებად და სხვა პროდუქტების შესაძენად. თუმცა, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვისა და ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვებიდან გამომდინარე, ისინი ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფარულად გადმოსვლას, რაც მათი სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა.

„მსგავსი ტრაგედიით უკვე არაერთი შემთხვევა დასრულდა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ცდილობდნენ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გადაცურვით. დაწესებული საკარანტინო შეზღუდვების გამო, რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთიდან სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით გადმოსული 63 წლის ქალიც გარდაიცვალა. მას სამედიცინო დახმარება გადაუდებლად ესაჭიროებოდა, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღდვების გამო ის სავალდებულო 5-დღიან კარანტინში მაინც გაუშვეს, რის შედეგადაც ქალი მეორე დღესვე გარდაიცვალა.

საინტერესოა, რომ მედიასააგენტო აფსნიპრესმა 2 აპრილს აფხაზეთიდან საქართველოში „უკანონოდ გადმოსვლის“ სტატისტიკა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის პირველ სამ თვეში აფხაზეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები დააკავა დე-ფაქტო საზღვრის „უკანონოდ“ კვეთის მცდელობისათვის. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს გავრცელებული ოფიციალური საჯარო ინფორმაცია ამ საკითხზე, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

ისინი მიიჩნევენ, რომ ოკუპაციისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ხელისუფლება არ თავისუფლდება პოზიტიური ვალდებულებებისგან უზრუნველყოს ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

„ამ პროცესში ხელისუფლებებს ეკისრებათ ვალდებულება მიიღონ ყველა პოლიტიკური, სამართლებრივი, დიპლომატიურ, ადმინისტრაციული და სხვა სახის ზომა, ამგვარ რეგიონებში უფლებების დაცვისთვის. ამ მიზნით მნიშვნელოვანია კონფლიქტის რეგიონების de facto მთავრობებთან მუშაობა ორმხრივად მისაღები და გაზიარებული მიმოსვლის პირობების შესაქმენლად. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ საქართველოში სერვისებისა და სხვა სოციალური სიკეთეების მიღების მიმართ ინტერესი აფხაზ და ოს საზოგადოებებში ასევე არსებობს. ამ კუთხით ასევე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას იმგვარი შეფერხებების შექმა, რომელიც მისი კონტროლის ფარგლებში ექცევა, “- ამბობენ ორგანიზავიაში.