„დღეს დადასტურდა, რომ მთავრობამ პიარზე (ძირითადად შიდა პიარზე, ე.ი. მოსახლეობის გასულელებაზე) 140 მილიონი ლარი დახარჯა და ესენი მასამართლებენ მე, ჰილარის თხილისა და „რედ ბულისათვის“, – ამ შინაარსით საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართვევლოს“ დღევანდელ ანგარიშს ეხმაურება.
ორგანიაციის ცნობით, 2013-2020 წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო უწყებებში პიარ-სამსახურებში დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან 140,5 მლნ ლარი დაიხარჯა.
„მე მედავებიან 9 მილიონს, ძირითადად ამერიკის სამი პრეზიდენტის გამასპინძლებისთვის, იმ პიარისთვის, რამაც საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი 80 ათასიდან 8 მილიონამდე გაზარდა და საქართველო მსოფლიო რუკაზე დასვა…
სხვათაშორის, დააკვირდით 2012 წელს რა იაფი ღირდა ყველაფერი დღევანდელთან შედარებით. სწორედ იმიტომ, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ლიდერია ინფლაციაში ე.ი. პურის, ხორცის, ზეთის, ყველის, მწვანილის, წამლების ფასების ზრდაში. ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!“, – აღნიშნავს სააკაშვილი Facebook-პოსტში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართვევლო“ აცხადებს, რომ კვლევა 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორისაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები.