მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა ბაზელში ფიროსმანის გამოფენაზე დასწრებაზეც - ჩუგოშვილი

პუბლიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

თამარ ჩუგოშვილმა სასამართლოში თქვა, რომ საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილს უარს ეუბნებოდა კულტურული სახის ღონისძიებებზეც, მაგალითად, პრეზიდენტმა უარი მიიღო ბაზელში ფიროსმანის გამოფენაში დასწრებაზე.

„მას ასევე უარი უთხრა მთავრობამ ისეთი ცერემონიული ტიპის ვიზიტებზე, როგორიც არის ბაზელში, შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის გამოფენა. ეს გამოფენა სხვათა შორის პრეზიდენტის ძალისხმევით შედგა და მისი წინა ვიზიტის დამსახურებაა“, – თქვა თამარ ჩუგოშვილმა.


16 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, Fondation Beyeler-ის გალერეაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 28 იანვრამდე და წარმოდგენილი იქნება ფიროსმანის 50-მდე ნამუშევარი. ფიროსმანის  გამოფენა Fondation Beyeler-ისა და ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (Humlebæk) ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

ფიროსმანის გამოფენების შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში 21 სექტემბერს „მინისტრის საათის“ დროს ისაუბრა. მან კულტურის სამინისტროს როლზე ისაუბრა და საქართველოს პრეზიდენტის წვლილი არ უხსენებია.