მთავრობამ საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა არ შეიმუშავა - OSGF

პუბლიკა

„პანდემიის პერიოდმა მკაფიოდ გამოკვეთა ადექვატური საცხოვრისისა და ღირსეული ცხოვრების პირობების აუცილებლობა ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისათვის. იმ პერიოდში, როცა სახელმწიფოს მთავარი მოწოდება გახდა „დარჩი სახლში“, ჩვენი მოქალაქეების დიდ უმრავლესობას არ გააჩნია თავზე ჭერი, ან ელემენტარული პირობა, იცხოვროს, იმუშაოს, დაისვენოს და თავი დაიცვას პანდემიის შედეგებისგან“, – წერს „ღია საზოგადოების ფონდი“.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობამ არ შეიმუშავა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, რისი ვალდებულაც ჰქონდა.

განხცადებაში აღნიშნულია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით, საქართველოს მთავრობამაც არაორაზროვნად აღიარა ქვეყანაში მწვავედ არსებული უსახლკარობის პრობლემა.

„იქვე აღნიშნა, რომ „დღეს ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარობის პრობლემის დაძლევის ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რომელიც საფუძვლად დაედება ადგილობრივად პრობლემის ეტაპობრივ მოგვარებასღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის სტრუქტურა მოითხოვს, რომ აღებული ვალდებულებები ეტაპებად დაიყოს და თითოეულისათვის განისაზღვროს შესრულების ვადები“, – წერია გავრცელებულ განხცადებაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ბოლო ვადად მთავრობამ 2020 წლის დეკემბერი განსაზღვრა.

2019 წლის აპრილში ზემოაღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის დასახმარებლად ასევე დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი, დარგის პროფესიონალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიის მუშაობა ეფექტური და აქტიური არ იყო და სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს, 2019 წლიდან დღემდე, სულ ოთხჯერ შეიკრიბა.

„სამუშაო ჯგუფის ბოლო საქმიანობა, ჯგუფის წევრების მიერ უსახლკარობის პრობლემის ანალიზის დოკუმენტის კომენტირებით შემოიფარგლა, რომელიც 2020 წლის თებერვლის თვეში განხორციელდა. მას შემდგომ, ჯგუფის საქმიანობას რაიმე აქტიური მსვლელობა არ მისცემია კომისიის მხრიდან. მუშაობის გასააქტიურებლად, 2020 წელს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარების კომიტეტმა შექმნა საპარლემენტო მოკვლევის ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა უსახლკარობის პრობლემა და საქართველოს მთავრობას საკითხზე დროული და ქმედითი რეაგირება მოსთხოვა“, – წერია გავრცელებულ განხცადებაში.

„ღია საზოგადოების ფონდი“ აღნიშნავს, რომ 2020 წლის დეკემბერში მთავრობას ამოეწურა ვადა საცხოვრისის პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, ვალდებულება კვლავ შეუსრულებელი დარჩა.

„ღია საზოგადობის ფონდის“ განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო აქტებისა და საქართველოს კონსტიტუციის გარანტიების მიღმა, უსახლკარობის პრობლემის გადაუჭრელად დატოვებით, სახელმწიფო მის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.

ფონდი მოუწოდებს  საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვადლებულება, გაააქტიუროს კომისიის საქმიანობა და შეიმუშაოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი საცხოვრისის პოლიტიკის დამდგენი დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.