მთავრობამ შექმნას ფონდი, ჩემგან პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება - ხაზარაძე Voxzogo-ს შეძენაზე

პუბლიკა

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მთავრობას მიმართავს, შექმნას სპეციალური ფონდი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესაძენად. მან აღნიშნა, რომ მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ფონდის დაფინანსებაში და პირველი შენატანის სახით 100 ათასი ლარი გაიღოს.

„მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში.

არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება“, – წერს მამუკა ხაზარაძე.


აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელწმფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.