მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონი დაამტკიცა – წულუკიანი

პუბლიკა

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონის პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. მისი თქმით, კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

„მოცემული კანონპროექტით ჩვენი ქვეყანა გადავა ახალ სფეროში. კერძოდ, ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე დასრულდება ხანა, რომელიც გულისხმობდა, რომ შშმ პირი არის ჯანდაცვის სისტემის ზრუნვის საგანი. კანონის მიღების შემდეგ ის გახდება სოციალური უფლებების სფეროში დაცვის როგორც ობიექტი, ისე სუბიექტი. სოციალურ მოდელზე გადასვლას ელოდა ყველა.

გაეროს კონვენციის (რომლის რატიფიცირებაც 2013 წელს მოხდა) ზედამხედველი ორგანო შეიქმნება საქართველოს მთავრობაში. მოლოდინის საგანი იყო ის, რომ კანონს განემარტა თუ რა არის ჟესტური ენა. ეს პროექტი ამ განმარტებასაც ითვალისწინებს. მთავარი მიზანი კი არის ის, რომ შშმ პირი თანასწორი იყოს. არა მხოლოდ კანონის, არამედ სერვისების მხრივაც. 2020-2030 წლის პერიოდს ითვალისწინებს და მთავრობას ევალება სტრატეგიის და სამინისტროებს წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომ ეტაპობრივად შემოვიდეს შშმ პირის სტატუსის მინიჭების ახლებული მოდელი და ეს არის ბიოფსიქოსოციალური მოდელი. ეს გაზრდის ჩვენს ქვეყანაში სტატუსმინიჭებული პირების რაოდენობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებს ევალებათ, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ხელი შეუწყონ შშმ პირთა ცენტრების შექმნას და შემოიღონ ახალი, პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტი. წულუკიანის თქმით, სერვისის მოცულობას ჯანდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს კანონით დადგენილ ვადაში.

მისივე თქმით, ამ კანონით შემოდის სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მცნება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები შეძლებენ, შშმ პირთა უფლებების დასაცავად მათ ნაცვლად იდავონ სასამართლოში და დაიცვან მათი უფლებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.